„კრემონეზე“ „სამპდორიასთან“ დამარცხდა – კონკურენტმა ლოჩოშვილის გუნდი ბოლო ადგილზე დააქვეითა #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 82 წუთი ითამაშა „სამპდორიას“ წინააღმდეგ სერია A-ს მე-11 ტურის მატჩში, რომელიც მეტოქის გამარჯვებით 0:1 დასრულდა.
კრემონაში გამართულ აუტსაიდერთა შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მცველის გუნდს დაწინაურების შანსი მე-5 წუთზე მიეცა. დევიდ ოკერეკესთან უხშობისთვის ვიდეორეფერიმ „სამპდორიას“ კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ სირილ დრესერესის დარტყმა სტუმართა მეკარე ემილ აუდერომ მოიგერია და „კრემონეზემ“ ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შანსი გაანიავა.
ლუკა ლოჩოშვილი 24-ე წუთზე კუთხურის შესრულების დროს შეტევიში აღმოჩნდა და ეფექტურად ითამაშა, მცველს ბურთი ტექნიკურად გადაუტარა, მაგრამ მეკარე ფეხებში ჩაუხტა, არბიტრმა კი თამაშგარე დაუფიქსირა. 30-ე წუთზე მის წინააღმდეგ აბდელჰამიდ სამიდმა იუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო. საბედნიეროდ, ლოჩოშვილი სერიოზულად არ დაშავებულა და თამაში გააგრძელა.
39-ე წუთზე ქართველმა მცველმა საკუთარ საჯარიმოში ზედმეტად გარისკა: შეტევის მარტივად მოგერიების ნაცვლად, „სამპდორიას“ ნახევარმცველ ფილიპი ჯურიჩიჩის მოტყუება სცადა და ბურთი ფეხებში გაუძვრინა, მომენტი ეფექტური კი იყო, მაგრამ სერბმა ნახევარმცველმა ლუკას მაინც დაასწრო და ბურთი სამიდს დაუგორა – „კრემონეზეს“ მეკარემ ბურთი მოიგერია და ლოჩოშვილის შეცდომა გამოასწორა.
63-ე წუთზე ლუკამ შეტევა მოიგერია და ვერ მოასწრო პოზიციაზე დაბრუნება, როდესაც მანოლო გაბიადინიმ საჯარიმოში ზუსტი პასი მიიღო, მაგრამ „კრემონეზეს“ მეკარე მარკო კარენესეკი ბურთს დაეუფლა. ეს „სამპდორიას“ პირველი რეალური საგოლე მომენტი იყო. 78-ე წუთზე მასპინძლებს მეკარემ ვეღარ უშველა – ომარ კოლიმ „კრემონეზეს“კარის აღება მოახერხა და „სამპდორია“ დააწინაურა.
„კრემონეზეს“ მწვრთნელმა, მასიმილიანო ალვინიმ შეტევების გასაძლიერებლად და თამაშის გადასარჩენად 82-ე წუთზე 4 მოთამაშე შეცვალა, მათ შორის, ლუკა ლოჩოშვილიც, მაგრამ მარცხი ვერ აიცილა, მე-11 ტურის შემდეგ ისევ 5 ქულით დარჩა და ბოლო ადგილზე დაქვეითდა. „სამპდორიამ“ (7) კი ამ მოგებით მე-18 პოზიციაზე გადაინაცვლა. „კრემონეზე“ ლიგაში ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც მიმდინარე სეზონში არ მოუგია.