კრემლში აცხადებენ, რომ თურქეთთან „აზოვსტალის“ მცველების სამშობლოში დაბრუნების საკითხის გარკვევა დაიწყეს და განმარტებებს ელოდებიან
კრემლში აცხადებენ, რომ თურქეთთან „აზოვსტალის“ მცველების სამშობლოში დაბრუნების საკითხის გარკვევა დაიწყეს და განმარტებებს ელოდებიან

თურქეთის მიერ ბატალიონ „აზოვის“ მეთაურების უკრაინისთვის გადაცემას რუსეთმა შეთანხმების დარღვევა უწოდა. კრემლში აცხადებენ, რომ მოსკოვმა აღნიშნული საკითხის თურქეთთან გარკვევა უკვე დაიწყო.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ელოდება მომხდარის შესახებ განმარტებების მიღებას და ამას მომდევნო შეთანხმებებში გაითვალისწინებს. ამასთან, პესკოვის განცხადებით, ვითარებას თურქეთში გაზის ჰაბის შექმნასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

გასული წლის აპრილის ბოლოს რუსულმა ჯარმა ალყაში მოაქცია ორი ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი და „აზოვის“ მებრძოლი მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაში. მაისის შუა რიცხვებიდან მათ დაიწყეს დანებება. სექტემბერში ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინის ტყვეობიდან 56 ადამიანი გაათავისუფლეს, უკრაინის ხელისუფლებას კი 215 ადამიანი გადასცეს, მათ შორის „აზოვის“ ლიდერები. ბოლო დრომდე „აზოვის“ მებრძოლები თურქეთში იმყოფებოდნენ, რაც რუსეთის მოთხოვნა იყო. გასული კვირის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა, სადაც მოლაპარაკებები გამართა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. კიევში დაბრუნებისას ზელენსკიმ „ტელეგრამის“ არხზე დაწერა, რომ მასთან ერთად მიფრინავდნენ „აზოვის“ მებრძოლები – დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერგეი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო და დენის შლეგა.