კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან და რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლაში შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა

17:35, 24.03.2025

ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან და რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლაში შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა, – აღნიშნულის შესახებ ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

განცხადების თანახმად, მათ ასევე განიხილეს უკრაინის საკითხზე რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები.

„არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა რუსეთისა და აშშ-ის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და განსაკუთრებით მიესალმა დღეს ერ-რიადში ექსპერტთა ჯგუფებს შორის გამართულ კონსულტაციებს“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ცნობისთვის, გასულ კვირას რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. მხარეებმა ერთმანეთს 175-175 სამხედრო ტყვე გადასცეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტყვეთა გაცვლაში არაბთა გაერთიანებული საამიროები შუამავლის როლს ასრულებდა.

მსგავსი