კრემლი ვლადიმერ პუტინსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
კრემლი ვლადიმერ პუტინსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

კრემლი ვლადიმერ პუტინსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც კრემლის პრესსამსახური იუწყება, საუბრის დროს გერმანიისა და რუსეთის ლიდერებმა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია დეტალურად განიხილეს. რუსულმა მხარემ აქცენტი გააკეთა ბელარუსის რესპუბლიკის შიდა საქმეებში გარე ძალების მხრიდან ჩარევის მცდელობის მიუღებლობაზე და ქვეყანაში ვითარების მალე ნორმალიზების იმედი გამოთქვა.

თავის მხრივ, გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფან ზაიბერტის განცხადებით, ვლადიმირ პუტინთან საუბრისას ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას მშვიდობიანი დემონსტრაციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობაზე და დაიწყოს ოპოზიციასთან „ეროვნული დიალოგი“. ამასთან, გერმანიის ლიდერმა განაცხადა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები ბელარუსის საკითხზე 19 აგვისტოს იმსჯელებენ.