კრემლი – ვლადიმერ პუტინმა ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა მხოლოდ რუსეთის კანონიერი ინტერესების სრული გათვალისწინებით არის შესაძლებელი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ სტუბთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გარ სტიორესთან საუბრისას უკრაინის კონფლიქტი განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.
კრემლის განცხადებით, პუტინმა აღნიშნა, რომ „სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ რუსეთის კანონიერი ინტერესების სრული გათვალისწინებით არის შესაძლებელი“.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნების „დაპირისპირების პოლიტიკაზე“, რაც, კრემლის თანახმად, საბრძოლო მოქმედებების გახანგრძლივებას იწვევს.
კრემლის ცნობით, ლიდერებმა ოსლოში ბოლო პერიოდში გამართული მოლაპარაკებები და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის სანკტ-პეტერბურგში ვიზიტი განიხილეს.
გარდა ამისა, საუბარში ბალტიის ზღვისა და ჩრდილოეთ ევროპის რეგიონების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებიც განიხილეს. კრემლის ინფორმაციით, ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერმა საერთაშორისო საზღვაო სამართლისა და ნაოსნობის თავისუფლების პრინციპის დაცვის მნიშვნელობა დაადასტურეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სატელეფონო კონტაქტი განაგრძონ.