კრასნოდარის მხარეში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა
რუსეთის კრასნოდარის მხარეში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ჰოსპიტალიზებულია 13 ადამიანი, სულ სამედიცინო დახმარება 50-მდე დაშავებულს დასჭირდა.
ტუაფსეში ერთი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, წყალდიდობა რეგიონში ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. ზოგიერთ რაიონში წყლის დონე ორ მეტრს აღწევს. ევაკუირებულია ასობით ადამიანი, დატბორილია ათასზე მეტი შენობა.
ყველაზე მეტად სტიქიამ ტუაფსესა და აფშერონის რაიონები დააზარალა. რთული მდგომარეობაა შექმნილი ქალაქ სოჭში, ქალაქამდე მისასვლელი გზები დატბორილი და დაზიანებულია. შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა.
წინასწარი შეფასებით, სოჭთან სატრანსპორტო კავშირის აღსადგენად ორი დღეა საჭირო.