კრაკოვის მერი ლვოვთან პარტნიორობის შეჩერების წინადადებით გამოვიდა
კრაკოვის მერი ლუკაშ გიბალა ლვოვთან პარტნიორობის შეჩერების წინადადებით გამოვიდა, რაც ლვოვის რეგიონული საბჭოს მიერ 2027 წლის „უკრაინის ამბოხებულთა არმიის“ წლად გამოცხადებას უკავშირდება.
გიბალამ აღნიშნა, რომ ეს არ არის უკრაინულ ქალაქთან ურთიერთობების გაწყვეტა, არამედ მათი დროებით შეჩერება.
„ყველამ ვიცით, რომ უკრაინა რუსული აგრესიის მსხვერპლია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ამ ბრძოლაში. უკრაინასთან პარტნიორობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ურთიერთობა ისტორიული შერიგების საფუძველზე უნდა აშენდეს, რომელიც ისტორიულ სიმართლეს უნდა ეფუძნებოდეს. ჩვენ არ შეგვიძლია, შევეგუოთ სიტუაციას, როდესაც უკრაინელებს სურთ განდიდება მათი, ვინც გენოციდი ჩაიდინა და პოლონელების მკვლელები არიან“, – განაცხადა კრაკოვის მერმა.
ლვოვის რეგიონულმა საბჭომ 20 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე 2027 წელი „რომან შუხევიჩის, „უკრაინის მეამბოხეთა არმიისა“ და ოლეჰ ოლჟიჩის წლად“ გამოაცხადა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ლვოვის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილება რეგიონულ დონეზე მიიღეს დიპლომატებთან ან ცენტრალური მთავრობის ორგანოებთან კონსულტაციის გარეშე. უკრაინის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ლვოვის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილება პოლონეთთან ურთიერთობებისთვის კონტრპროდუქტიულია.