„კოვიდ-19“-ის ვაქცინის ხელმისაწვდომობისთვის აზიის განვითარების ბანკი წევრ ქვეყნებს 20 მლნ დოლარს გამოუყოფს
„კოვიდ-19“-ის ვაქცინის ხელმისაწვდომობისთვის აზიის განვითარების ბანკი წევრ ქვეყნებს 20 მლნ დოლარს გამოუყოფს

აზიის განვითარების ბანკმა, ტექნიკური დახმარების სახით, წევრი ქვეყნებისთვის კორონავირუსის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, 20.3 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ფულადი რესურსი ხელმისაწვდომი იქნება აზიის განვითარების ბანკის განვითარებადი წევრებისთვის.

მათივე ცნობით, დახმარების მიზანია, გაძლიერდეს ვაქცინაზე უსაფრთხო და ეფექტური ხელმისაწვდომობის, მისი შესწავლის, გავრცელების, მიწოდებისა და მონიტორინგის შესაძლებლობები.

„ფულადი რესურსი წევრებს დაეხმარება, შეაფასონ და გააძლიერონ ვაქცინის ჯაჭვი და ლოგისტიკა, ინფექციის კონტროლი, ჯანდაცვის სფეროს მუშაკების მომარაგება და უნარები, რისკების კომუნიკაცია და რეალურ დროში მონაცემთა აღრიცხვა და ზედამხედველობა. ტექნიკური დახმარება ასევე დაეხმარება ინოვაციური ცივი ჯაჭვის იდენტიფიკაციასა და ხელშეწყობას და ვაქცინის მიწოდების მონიტორინგის ტექნოლოგიებს“, – ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციაში.

აზიის განვითარების ბანკის მდგრადი განვითარების და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის, ვოჩონგ უმმის განხადებით, უსაფრთხო, ეფექტურ და საჭირო რაოდენობის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგი საფეხურია.

„აღნიშნული გრანტით, აზიის განვითარების ბანკს შეუძლია დაეხმაროს განვითარებად წევრებს, მიიღონ სასწრაფო ზომები, მათ შორის ვაქცინის სისტემის შეფასებისა და ვაქცინის განაწილების სტრატეგიების განსასაზღვრად, რათა უზრუნვეყოფილ იქნას ვაქცინის ეფექტურად და სამართლიანად მიწოდება“, – განაცხადა ვოჩონგ უმმა.

20 მილიონ აშშ დოლარს აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური დახმარების სპეციალური ფონდი (TASF) გამოყოფს, ხოლო 300 000 აშშ დოლარი იაპონიის მთავრობის მაღალი დონის ტექნოლოგიების ფონდის მიერაა დაფინანსებული.

აზიის განვითარების ბანკმა განვითარებადი წევრებისთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების დასახმარებლად აპრილში 20 მილიარდ დოლარიანი გაფართოებული დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

აზიის განვითარების ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად.

1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.