„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ეროვნული ლიგის ორი მატჩი გადაიდო
„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ეროვნული ლიგის ორი მატჩი გადაიდო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრების განრიგი შეიცვალა. გადაწყვეტილება COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს.

ეროვნულ ლიგაში მე-13 ტურის ორი მატჩი გადაიდო: „ლოკომოტივისა“ და „დინამო თბილისის“ დაპირისპირებას, რომელიც 18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანი 8 ნოემბერს უმასპინძლებს. ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ შეხვედრა კი 26 ოქტომბრის ნაცვლად 26 ნოემბერს ჩატარდება.

ასევე გადაიდო ყველა დროის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება, ქართული „კლასიკო“ და 28 ოქტომბრის ნაცვლად „დინამო თბილისი“ და ქუთაისის „ტორპედო“ 26 ნოემბერს ჩაინიშნა. ქუთაისელთა კიდევ ერთი მატჩი ბათუმის „დინამოსთან“ 3 ნოემბრის ნაცვლად, 8 ნოემბერს გაიმართება.

ცვლილებებია ეროვნული ლიგა 2-ის კალენდარშიც და ეს ქობულეთის „შუქურას“ ორ მატჩს შეეხო: მე-14 ტურის მატჩს გუნდი „შევარდენი 1906“-თან 25 ნოემბერს გამართავს (ნაცვლად 28 ოქტომბრისა), ხოლო „რუსთავს“, 4 ნოემბრის ნაცვლად, 8 ნოემბერს დაუპირისპირდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებთან მუდმივ კონტაქტშია და ეროვნული ჩემპიონატის მატჩები ჩვეულ რეჟიმში, ყველა არსებული რეგულაციის დაცვით გაიმართება.