კოტე სულამანიძე - თუ შენი საქმიანობიდან გამომდინარე ზიანი მესამე პირს ადგება, ეს მესამე პირი დაზღვეული უნდა იყოს
კოტე სულამანიძე - თუ შენი საქმიანობიდან გამომდინარე ზიანი მესამე პირს ადგება, ეს მესამე პირი დაზღვეული უნდა იყოს

მსოფლიო პრაქტიკაში, სახელმწიფო დაზღვევას სოციალურად მნიშვნელოვანი რისკების მატარებელი ფაქტების სამართავად იყენებს და გადაწყვეტილება ჩვენც აქედან გამომდინარე მივიღეთ, – ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის ხელმძღვანელმა კოტე სულამანიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მსოფლიო პრაქტიკით, ადამიანს არავინ ავალდებულებს, თავისი პირადი ქონება დააზღვიოს, მაგრამ თუ შენი საქმიანობიდან გამომდინარე ზიანი მესამე პირს ადგება, ეს მესამე პირი დაზღვეული უნდა იყოს, – განაცხადა სულამანიძემ.

მისი თქმით, პირი, რომელიც ტერიტორიაზე ვაჭრობს, არ არის სუბიექტი, რომელმაც სახანძრო უსაფრთხოებაზე და სხვა ინფრასტრუქტურულ თემებზე უნდა იზრუნოს.

„როცა ხანძარი ხდება, მოვაჭრე დაზარალებულია. მიჩნეულია, რომ ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი სტრუქტურა ოპერატორია, რომელმაც სახანძრო ნორმების დაცვა და მოვაჭრის თავისუფალი საქმიანობისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა უნდა უზრუნველყოს“, – განაცხადა სულამანიძემ.

როგორც სულამანიძემ აღნიშნა, თუ პირი ვაჭრობს და მას თავისი ქონების დაზღვევა ნებაყოფლობით ნაყიდი აქვს, მის წინაშე ოპერატორს ქონების ჭრილში პასუხისმგებლობის დაზღვევა არ ევალდებულება.

„ანუ, ოპერატორს შეუძლია, თვითონ განსაზღვროს, თავის ობიექტზე დაუშვებს თუ არა ისეთ მოვაჭრეს, რომელსაც დაზღვევა არ ექნება“, – განაცხადა სულამანიძემ.

მისი თქმით, დაზღვევის პრინციპია, ადამიანმა, რომელსაც ზიანი მიადგა, ზარალის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარადგინოს, რათა ზარალი აუნაზღაურდეს, თუმცა, თუ ის ზარალის ცნობას ვერ წარადგენს, მისთვის ფიქსირებული თანხის გამოყოფა კვადრატულობის მიხედვით მოხდება, რაც საკმაოდ უპრეცედენტო შემთხვევაა.

„დაზღვევა არის სფერო, რომელზეც ყველამ უნდა იზრუნოს. მოვაჭრე უნდა გაიზარდოს და მის გაზრდაზე ყველამ, ბაზრობის ორგანიზატორებმა, ბანკებმა უნდა იზრუნონ. დაზარალებული მოვაჭრეები ხშირად ამბობენ, რომ ბანკის ვალი აქვთ, რაც დიდი პრობლემაა. რატომ არ აზღვევს ბანკი მოვაჭრის ქონებას და რატომ აზღვევს მხოლოდ ბინას?! ბანკისთვის ხომ დაფარვის წყარო შემოსავალია?! შესაძლოა, მცირე მოვაჭრე დღეს სწორ ნაბიჯს თავისით არ დგამს, როცა დაზღვევაზე არ ფიქრობს, მაგრამ მას უნდა ვუბიძგოთ, რადგან როცა საშუალო დონის გახდება, დიდ დაზღვევებზე თვითონვე იფიქრებს“, – განაცხადა კოტე სულამანიძემ.