კოტე მახარაძის სახელობის მედიატურნირი ყაზახებმა მოიგეს #1TVSPORT
დასრულდა ლეგენდარული კოტე მახარაძის სახელობის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც 8 ქვეყნის სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები მონაწილეობდა.
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, სამწუხაროდ, ამ ქვეყნის ჟურნალისტთა ნაკრებმა ჩამოსვლა ვერ მოახერხა. 8 მონაწილე ორ ჯგუფში გადანაწილდა, თამაშებს კი „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ სპორტულმა კომპლექსმა უმასპინძლა.
საქართველოს მედია-ნაკრები ფინალში გავიდა, სადაც ყაზახეთს დაუპირისპირდა. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერია კი სტუმრებმა უკეთ შეასრულეს და თასის მფლობელები გახდნენ.
ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია იყო, პარტნიორები – „ნიუ ვიჟენი უნივერსიტეტი“ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
მიხეილ აბაიშვილი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი):
„ტურნირი მაღალ დონეზე ჩატარდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, ჩვენს პარტნიორებს. შეჯიბრებამ ტრადიციულის სტატუსი მიიღო და მსურს, ყველა მონაწილეს მადლობა გადავუხადო ჩამოსვლისთვის. ყველას სიამოვნებს საქართველოში სტუმრობა და აქ რამდენიმე დღის გატარება.“