კოტე მახარაძის სახელობის მედიათასის მფლობელი მოლდოვის ნაკრებია #1TVSPORT

18:16, 29.10.2021

კოტე მახარაძის სახელობის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი ჟურნალისტთა შორის დასრულდა. ლეგენდარული ქართველი კომენტატორისა და მსახიობის სახელობის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი სპორტის აკადემიის საფეხბურთო მოედანზე გაიმართა და მოლდოვის მედია-ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

„ა“ ჯგუფში (უკრაინა 1, სომხეთი, ყაზახეთი, საქართველო) პირველ ადგილზე სომხეთის ნაკრები გავიდა, საქართველოს ნაკრებმა კი მეორე პოზიცია დაიკავა. „ბ“ ჯგუფში (უკრაინა 2, აზერბაიჯანი, ლიეტუვა, მოლდოვა) გამარჯვებული მოლდოვა გახდა, მეორე პოზიციაზე კი უკრაინა 2 გავიდა.

ნახევარფინალში ქართველ ჟურნალისტთა ნაკრებმა მოლდოვასთან 1:4 წააგო და მესამე ადგილსითვის უკრაინა 2-ს შეხვდა. ეს მატჩიც სტუმართა გამარჯვებით 3:4 დასრულდა და ჩვენმა გუნდმა გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა.

მედიათასის გამარჯვებული მოლდოვის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში სომხეთის მედია-ნაკრებს შანსი არ დაუტოვა, 4:1 დაამარცხა და საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის მთავარ ჯილდოს დაეუფლა.

კოტე მახარაძის მედიათასი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა, მხარდამჭერები იყვნენ ფეხბურთის ფედერაცია, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

მსგავსი