კოტე კემულარია - ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების საფუძველი მისი მკვეთრი პოლიტიკური განცხადებებია
კოტე კემულარია - ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების საფუძველი მისი მკვეთრი პოლიტიკური განცხადებებია

ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება არის ივანიშვილის ხელისუფლების მიერ რუსული საოკუპაციო ძალის პარლამენტში დასმით გამოწვეული პოლიტიკური რეპრესია, – ასე შეაფასა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელმა, კოტე კემულარიამ პარტიის ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება.

როგორც კოტე კემულარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ანტისაოკუპაციო მიტინგის არაპროპორციული გზით დარბევას მოჰყვა სისხლისღვრა, ადამიანების დასახიჩრება და ხელისუფლება ახლა ცდილობს, ეს ყველაფერი გადაფაროს ოპოზიციური ლიდერების მიმართ პოლიტიკური ბრალდებების შეთხზვით და მათი დაკავებით.

„მიტინგიდან ერთი თვის განმავლობაში, მიუხედავად სასამართლოში დაკითხვისა, ირაკლი ოქრუაშვილი არ ყოფილა დაკავებული. ის დააპატიმრეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ დამოუკიდებელი ტელევიზია „რუსთავი 2“-ის აქციების ასი პროცენტი ეკუთვნის სწორედ მას და ეს ფაქტი დადასტურებულია პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნით. ქართული საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების საფუძველი არის მისი მკვეთრი პოლიტიკური განცხადებები და ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი ტელევიზია „რუსთავი 2“-ის დახურვის სურვილი. დღეს მამუკა ბახტაძემ პირდაპირ თქვა ირაკლი ოქრუაშვილზე, რომ თურმე არსებობს კადრები, რომ ყველაფერი ნათელია, ის სწორად არის დაპატიმრებული და სახელმწიფოს მეთაურმა პირდაპირ უკარნახა გამოძიებას, როგორ უნდა მოიქცეს. ეს არის სირცხვილი, ეს არის თავის მოჭრა სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფოს მეთაური ასე იქცევა“, – განაცხადა კემულარიამ.

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ამასთან, შსს-მ კიდევ ოთხი პირი დააკავა.