კოტე იოსელიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება
კოტე იოსელიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კოტე იოსელიანი იკითხება.

საქმე ეხება მისი მეუღლის, თინა ბოკუჩავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და უტა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოხდა აიძულეს.

„ეს იყო კლასიკური გატაცება, მისი ყველა შემადგენელი ფორმით. ეს მოხდა ჩემს სახლთან, ძალადობის ფონზე. იყო რამდენიმე ადამიანი, როგორც ფილმებში გაქვთ ნანახი, დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს იმ სერიის გაგრძელება იყო, როდესაც ხალხს სახლებთან ხვდებიან და ძალადობენ, თუმცა მანქანაში შეთრევისა და თვალებზე პირბადის მაგვარი რაღაცის წამოცმის შემდეგ მივხვდი, რაშიც იყო საქმე. გადამიყვანეს ჩემი სახლიდან არც ისე შორს, ვვარაუდობ, რომ ეს არის საბურთალოს ტერიტორია, კიდევ ბევრ რამეს ვვარაუდობ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ვარაუდებია. შემდეგ იყო ის მოთხოვნა, რა მოთხოვნაც ჩემი მხრიდან შესრულდა, რადგან მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე პრინციპულ ან მორალურ კომპრომისზე წავედი, ამ საკითხთან დაკავშირებით მქონდა ბოდიში მოხდილი და ხელმეორედ ბოდიშის მოხდა არ ჩავთვალე დიდ ამბად, იმ ფონზე, რა ფონზეც მიმდინარეობდა ეს კომუნიკაცია და რა საკითხებზეც მიდიოდა საუბარი. ეს იყო ჩემს შვილებზე, მათ გადაადგილებაზე, მათ ვაკის პარკში სიარულის განრიგზე და ა.შ. ცხადია, რომ ეს არ არის ის თემა, სადაც ერთი კონკრეტული მოქალაქის მიმართ განხორციელებულ უსამართლობასა და ძალადობაზე უნდა ვისაუბროთ, ეს არის პოლიტიკური მდგენელის მქონე აქტი და ამას შესაბამისი პოლიტიკური შედეგები ექნება. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ დაგეგმა, რატომ დაგეგმა, რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მე გულწრფელი ბოდიში მართლა მქონდა მოხდილი. მინდა, უტა ივანიშვილს მივმართო, თუკი ამ საკითხზე, რაიმესთან დაკავშირებით გინდა ჩემთან საუბარი, დამირეკე და პირადად დაგელაპარაკები, სისულელეა უბრალოდ ამაზე საუბარი. ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ის სპეცსამსახურები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, მოისმინონ ჩანაწერები, განახორციელონ ადევნება, თვალთვალი და ასევე ხელი შეუწყონ ისეთ ჯგუფებს, რომლებთანაც მე მქონდა კომუნიკაცია, რომ მათ თავისუფლად იმოქმედონ და შეასრულონ ის დავალებები, რაც შეასრულეს“, – განაცხადა კოტე იოსელიანმა.

რაც შეეხება იმას, რატომ არ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, კოტე იოისელიანის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ნულოვანი ნდობა აქვს.

„მე მქონია გარკვეული შეხება სამართალდამცავ სტრუქტურასთან, ამით ვამაყობდი და ვიამაყებ, თუმცა დღესდღეობით შსს არ არის ორგანო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას ემსახურება. აქ მოსვლის მოტივაციაც არ მქონდა, რადგან ზუსტად ვიცი, ეს პროცესიც, რაც აქ გაიმართება, იქნება უბრალო ფორმალობა, რომელსაც მათ კანონი ავალდებულებს. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ შსს მოქალაქეების, მით უმეტეს, ასეთი პოლიტიკური საკითხის შესახებ რეალურ გამოძიებას ჩაატარებს“, – აღნიშნა კოტე იოსელიანმა.

კოტე იოსელიანმა 8 ივნისს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. მოგვიანებით თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მისი მეუღლე კოტე იოსელიანი გაიტაცეს, მასზე ზეწოლა განახორციელეს და ამის შემდეგ ჩაწერა უტა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოხდის ვიდეო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.