კოტე ჟღენტი – როდესაც დიპლომატი ხარ, არ შეიძლება, რომელიმე პარტიის ელჩი იყო, შენ წარმოადგენ შენს ქვეყანას, სულ მცირე, ლოიალური უნდა იყო მთავრობის პოლიტიკის მიმართ, თუ არა, დაიხურო ქუდი და წახვიდე
დიპლომატი და ელჩი როცა ხარ, არ შეიძლება, რომელიმე პარტიის ელჩი იყო. შენ წარმოადგენ ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. ელჩი როცა ხარ, სულ მცირე, ლოიალური უნდა იყო არსებული მთავრობისა და მისი პოლიტიკის მიმართ. თუ არა, უნდა დაიხურო ქუდი და წახვიდე, – ამის შესახებ დიპლომატმა კოტე ჟღენტმა განაცხადა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი განიხილება.
კოტე ჟღენტმა ელჩად ყოფნისას ერთ-ერთ დიპლომატთან საუბარი გაიხსენა.
„უკვე ახალი ხელისუფლების შემდეგ უზბეკეთში ვიყავი ელჩი, კარგი ურთიერთობა მქონდა ლატვიის ელჩთან. ჩემთან შედარებით ახალგაზრდა იყო, მაგრამ ძალიან განათლებული. ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა. კიდევ ერთი დიპლომატი იყო სლოვენიელი, რომელიც ევროკავშირის ელჩი იყო უზბეკეთში და მათთან ვმეგობრობდი. ხშირად ერთად ვისხედით ხოლმე. 2015 წელს დამნიშნეს უზბეკეთსა და ტაჯიკეთში, და ალბათ უფრო 2015 წელია, ვსხედვართ და მეუბნება, ჩემმა კოლეგამ, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მუშაობს, მითხრა, საქართველოს ელჩი დადის და ყველგან ლაპარაკობს, რომ კარგი თუ რამე გააკეთა საქართველოში ვინმემ, ეს მიხეილ სააკაშვილია, მის მერე, პრაქტიკულად, არაფერი გაკეთებულაო. მკითხა, ახალი მთავრობა ან რას აკეთებთ, ან ელჩი ასე რატომ ლაპარაკობს კოლეგებთანო? ძალიან გამიკვირდა და ვუთხარი, არ მგონია, ასე იყოს-მეთქი. დიპლომატი და ელჩი როცა ხარ, არ შეიძლება, რომელიმე პარტიის ელჩი იყო. ეს ცნობილი ამბავია და დიპლომატიის სახელმძღვანელოებში წერია. შენ წარმოადგენ ქვეყანას, რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არა. ამის შეგრძნებას როცა კარგავ და რომელიღაც პოლიტიკური ძალის ელჩი ხდები, მაშინ შენს მოვალეობას ისე ვერ ასრულებ. რა თქმა უნდა, როცა ელჩი ხარ, სულ მცირე, ლოიალური უნდა იყო არსებული მთავრობისა და მისი პოლიტიკის მიმართ. თუ არა, უნდა დაიხურო ქუდი და წახვიდე. თუ მუშაობ, ამის გაკეთება არანაირად არ შეიძლება, რომ წინა მთავრობის მომხრე იყო და, თუნდაც საუბრით, ზიანი მიაყენო. აქ ძალიან ბევრი ითქვა კოჰაბიტაციაზე, ჩემი აზრით, არც ისე კარგი იყო, დიპლომატიურად რომ ვთქვათ, კოჰაბიტაცია ყველაზე მეტად საგარეო საქმეთა სამინიტროს შეეხო, ჯობდა, რომ ასე ძალიან არ შეხებოდა“, – განაცხადა კოტე ჟღენტმა.