კოტე ჟღენტი – ევროპასთან გადატვირთვა უფრო ნელი ტემპით მგონია შესაძლებელი, ვიდრე აშშ-თან, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ ამერიკაში ცვლილებებს გავლენა ექნება
ჩემი აზრით, ნამდვილად იკვეთება, რომ მოხდეს აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა, – ასე უპასუხა დიპლომატმა კოტე ჟღენტმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად იკვეთება კონტურები, რომ საქართველო-აშშ-ს შორის შესაძლებელია, მართლაც მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რაზეც საქართველოს მმართველი გუნდი საუბრობს.
„იმ ფასეულობების რეალიზებისთვის, რაზეც ტრამპი საუბრობს და უკვე მოქმედებაზეც გადავიდა, სახელმწიფო მოხელეების ან ლგბტ თემის მიმართ და ა.შ. ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს გულისხმობს მეტი თავისუფლება და მეტი სამართლიანობა. რაც შეეხება ქვეყნის გარეთ, ვიდრე ტრამპი საინაუგურაციო სიტყვით გამოვიდოდა, მანამდე ახალმა სახელმწიფო მდივანმა, რუბიომ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, სად მიდის ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფული, ჩვენ არ ვიცითო. იფლანგება პრაქტიკულად, არ ვიცით, რაშიო და ახსენა იქ პიროვნებებიც. ქალბატონი ნულანდი ახსენა, მაგალითად, სოროსი ახსენა და ა.შ. ეს ფული რომ აქაც მოდიოდა, საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას ხმარდებოდა, ეს ფაქტია. ამას ვერავინ ვერ უარყოფს. ეს კარგ მიზნებში გამოიყენებოდა თუ ცუდში, ამაზე საზოგადოება გაყოფილია. საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომელმაც არჩევნებზე ხმა მისცა მმართველ ძალას, თვლის, რომ მაინცდამაინც კარგი მიზნებისთვის არ იყო გამოყენებული, გამოყენებული იყო დესტაბილიზაციისა და პოლარიზაციის გაძლიერებისთვის. ხალხს, პირველ რიგში, ყველა ქვეყანაში, უნდა მშვიდობა ეკონომიკურ კეთილდღეობასთან ერთად და განვითარებისთვის საჭირო წესრიგი, კანონმორჩილება და ა.შ., მაგრამ ამას ვერ ხედავდა ხალხი იმ დაფინანსების შედეგად, რაც მოდიოდა, და აშკარად მოდიოდა. ეს დაფინანსება სამი თვით შეწყდა და გაგრძელდება თუ არა სამი თვის მერე, ძალიან ბევრს აქვს იმედი და მეც მგონია, რომ გაგრძელდება შეზღუდვები, რადგან ეს სამი თვე საჭიროა, რათა გაერკვნენ, რომელ ქვეყნებში იგზავნებოდა ეს დაფინანსება და რა მიზნებს ემსახურებოდა თვითონ ამერიკისთვისაც, იმ ქვეყნებთან ურთიერთობის თვალსაზრისით კარგი იყო თუ არა პროგრამები, რომლებიც ფინანსდებოდა; საჭირო იყო თუ არა ამერიკის ინტერესებისთვის, იმ ქვეყნის ინტერესებისთვის, მაგალითად, ჩვენთვის, და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს ადგებოდა თუ არა. ამაში რომ გაერკვევიან, მე მგონია, გაგრძელდება შეზღუდვები“, – განაცხადა ჟღენტმა.
მისი თქმით, აშშ-თან თუ გამოვა გადატვირთვის პოლიტიკა, რისი აშკარა წინამძღვრები და ნიშნებიც ჩანს, ბრიუსელთანაც გამოვა.
ამასთან, კოტე ჟღენტმა აღნიშნა, რომ საქართველო პირველი რიგის საკითხებში არ იქნება, მაგრამ თანდათანობით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ცვლილება ევროპელებზეც იქონიებს გავლენას.
„მაგრამ არა მგონია, კუბილიუსმა და კაია კალასმა უცებ შეიცვალონ რიტორიკა, იქ კიდევ რამდენიმე რადიკალმა და ლობისტებზე დამოკიდებულმა ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა. ევროპარლამენტარებზე საერთოდ არ მაქვს საუბარი, უმრავლესობაზე, რომელიც აგრძელებს აბსოლუტურად თავის აღქმებზე დაფუძნებულ პოზიციას. არ მგონია, ეს სწრაფად შეიცვალოს ევროპაში. ამიტომ ევროპასთან გადატვირთვა უფრო ნელი ტემპით მგონია შესაძლებელი, ვიდრე აშშ-თან, თუმცა რაღაც პერიოდის მერე გავლენა ექნება ამერიკაში ცვლილებებს“, – განაცხადა ჟღენტმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა მოგვარდეს უკრაინაში ომის დასრულების საკითხი და ვის რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ასეთ შემთხვევაში, კოტე ჟღენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის და მისი მოკავშირეების მხრიდან აბსოლუტურად არასწორი მიდგომა იყო, უკრაინის საკითხების გადაწყვეტაში რუსეთის იგნორირება მომხდარიყო და ტრამპის ნაბიჯები, რომ ჩინეთიც გამოიყენოს, მაგრამ თვითონ რუსეთს დაელაპარაკოს, აბსოლუტურად ბუნებრივი და სწორია.
„თუ გინდა, ომი დამთავრდეს, უნდა დაელაპარაკო იმას, ვინც ეს ომი დაიწყო, ხომ, პირველ რიგში? ისიც თქვა, რომ ზელენსკი ანგელოზი არ ბრძანდება და მას შეეძლო ომის თავიდან აცილება. მე არ მგონია, ამ ომის დასრულება სწრაფად იყოს შესაძლებელი. 2025 წლის განმავლობაში თუ დასრულდა, ეს ცუდი შედეგი არ იქნება“, – განაცხადა ჟღენტმა.
მისივე თქმით, იმაზე, რაზეც დღეს არესტოვიჩი საუბრობს, რომ უკრაინას ომის თავიდან აცილება შეეძლო, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და ანალიტიკოსებიც საუბრობდნენ, რის გამოც მათ მიმართ დიდი კრიტიკა იყო, თუ როგორ ბედავდნენ ამის თქმას.
როგორც კოტე ჟღენტმა ასევე განაცხადა, კუბილიუსმა, რომელიც ევროკავშირში თავდაცვის სფეროში კომისრად აირჩიეს, გუშინ განაცხადა, რომ ეს ომი რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, ევროპა და ნატო უფრო გაძლიერდებაო, რაც „ჭკუათმყოფელი ადამიანის განცხადება არ არის“.
„ამას დაემატა კიდევ ბრიტანეთის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული თითქმის იმავე შინაარსის განცხადება, რომ ამ ომის გაგრძელება აძლიერებს ნატო-ს და ევროპას, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია“, – განაცხადა ჟღენტმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები საქართველოში, კოტე ჟღენტმა თქვა, რომ, მისი აზრით, იმედგაცრუება, რომელიც აშკარად ჩანს, იქნება, ძალიან ცუდად იმოქმედებს არა მხოლოდ ოპოზიციაზე, არამედ იმ ახალგაზრდებზეც, რომლებიც ქუჩაში არიან, რადგან მეორე მხარეს დგას მილიონ 200 000 ადამიანი, ვინც ხმა ხელისუფლებას მისცა, ამასთან, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები არავის წარმოუდგენია და, შესაბამისად, ახალი არჩევნები არ ჩატარდება.
„მე მგონია, რომ ოპოზიციის რაღაც ნაწილი მაინც შევა პარლამენტში და შევა კი არა, იმასაც მოითხოვს, დელეგაციებში შეიყვანონ, რომელიც ევროპაში წავა“, – განაცხადა კოტე ჟღენტმა.