კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე პარკირება ივლისიდან ფასიანი გახდება, საწყისი ფასი სავარაუდოდ 50 თეთრი იქნება
კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე პარკირება ივლისიდან ფასიანი გახდება, საწყისი ფასი სავარაუდოდ 50 თეთრი იქნება

მიმდინარე წლის ივლისიდან კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და მიმდებარე ქუჩებზე პარკირება ფასიანი გახდება. რეგულაცია მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებლებს არ შეეხებათ.

პარკირების საფასური ჯერ დადგენილი არ არის. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ საწყის ფასად 50 თეთრი განიხილება.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, ფასიანი პარკირება კეთდება, რათა შემცირდეს მანქანების მოხმარება, ჰაერის დაბინძურება და მოქალაქეებმა მეტად ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

მისივე თქმით, საპილოტე პროექტი იწყება იმ ტერიტორიაზე, სადაც მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდების ზრდა, გაუმჯობესება და მოდერნიზება.

„ივლისში პროექტი დაიწყება ლესელიძეზე და მიმდებარე ქუჩებზე. ამ ტერიტორიაზე გაზრდის მუნიციპალიტეტი ტრანსპორტის მიწოდებას. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მიზნად ისახავს, რომ მაცხოვრებელს შეუქმნას კომფორტი პარკირებაზე, ამიტომ საცხოვრებელ სახლთან სატრანსპორტო საშუალების პარკირებაზე არ გავრცელდება საათობრივი გადასახადი. სამსახურსა და ოფისებში მიმავალი თანამშრომლები უფრო მეტად უნდა მოიხმარდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ჩვენ თუ ამ მიზანს გამოვაცლით იდეას ან შევქმნით ისეთ მოდელს, რომელიც ამ შედეგებამდე ვერ მიგვიყვანს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტყუილად ვაკეთებთ საათობრივ პარკირებას“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელის სრული განახლება მარტში დასრულდება და მუნიციპალურ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„ლესელიძეზე პირველ რიგში გაიზრდება სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და მიწოდება. ყველა მხრიდან მიმავალი ტრანსპორტი განახლდება, რომელიც მიდის ლესელიძეზე. რაც შეეხება სხვა უბნებს, აქ ფასიანი პარკირების შემოღება მას შემდეგ იგეგმება, რაც შემოვა ახალი ავტობუსები. წლის ბოლოს დაიწყება სხვა ქუჩებზე პარკირების საფასურის შემოღების დაგეგმვა. საფასური დადგენილი არ არის. მას დავადგენთ საკრებულოსთან მსჯელობის შედეგად. საფასურის დადგენა უნდა დავიწყოთ მინიმალური ოდენობიდან და გაიზარდოს პროცესში დაკვირვების შედეგად. საფასურმა უნდა მოგვცეს შედეგი და შედეგი უნდა იყოს შემცირებული ავტომობილები კონკრეტულ არეალებში“, – აცხადებს ირაკლი ხმალაძე.