კოსოვოში ნატო-ს მისიის მეთაური კოსოვოს ხელმძღვანელობას ცალმხრივ ქმედებებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამან ძალადობა გამოიწვია
კოსოვოში ნატო-ს მისიის მეთაური კოსოვოს ხელმძღვანელობას ცალმხრივ ქმედებებში ადანაშაულებს, რამაც ძალადობა გამოიწვია. ანჯელო მიკელე რისტუჩას განცხადებით, კოსოვოს ლიდერმა, ალბინ კურტიმ საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე ეთნიკური ალბანელი მერების დანიშვნით შეცდომა დაუშვა. კოსოვოში ნატო-ს მისიის ხელმძღვანელის თქმით, ნატო-სთან კონსულტაციის გარეშე ძალის გამოყენებით კოსოვოს ხელმძღვანელობამ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა, რის გამოც ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად ნატო-ს მისიის ჩართვა გახდა საჭირო.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის. ეს არის მიდგომა, რომელიც, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს ურთიერთნდობას“, – აღნიშნა ანჯელო მიკელე რისტუჩამ.
კითხვას, რა მოხდებოდა კოსოვოს ჩრდილოეთში ნატო-ს მისიის გარეშე, იტალიელმა გენერალმა უპასუხა: „ომის კიდევ ერთი კერა გაჩნდებოდა“.