კოსოვოს ყოფილ პრეზიდენტს, ჰაშიმ ტაჩის ჰააგის სასამართლომ 25-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
კოსოვოს ყოფილ პრეზიდენტს, ჰაშიმ ტაჩის ჰააგის სასამართლომ 25-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. კოსოვოს ყოფილ ლიდერს ბრალი ომის დანაშაულებთან დაკავშირებულ ოთხ საქმეზე ჰქონდა წაყენებული.
კოსოვოს სპეციალიზებულმა პალატებმა ჰაშიმ ტაჩი დამნაშავედ ცნეს მკვლელობაში, წამებაში, სასტიკ მოპყრობასა და თვითნებურ დაკავებაში.
თავმჯდომარე მოსამართლემ, ჩარლზ სმიტმა განაცხადა, რომ ტაჩიმ გამოიყენა თავისი პოზიცია, ლიდერობა, ავტორიტეტი და სტატუსი დანაშაულების წასახალისებლად, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმისთვის, რომლებიც კოლაბორაციონისტებად და მოღალატეებად იყვნენ მიჩნეულნი.
განაჩენი კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის ოთხი ყოფილი ლიდერის: აჩის, იაკუპ კრასნიკის, რეჯეპ სელიმისა და კადრი ვესელის სამწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ გამოცხადდა.
პროკურატურა თითოეული მათგანისთვის 45-წლიან პატიმრობას ითხოვდა. ოთხივემ თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა. კრასნიკის – 25 წლით, სელიმის – 13 წლით, ხოლო ვესელის 18 წლით პატიმრობა მიესაჯა.
58 წლის პოლიტიკოსის, რომელიც შვიდ წელზე მეტხანს – პრემიერ-მინისტრის, შემდეგ კი ორი წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან 2008 წელს კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცესს უხელმძღვანელა. თეთრ სახლში ვიზიტისას აშშ-ის მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მას „კოსოვოს ჯორჯ ვაშინგტონი“ უწოდა. თუმცა მისი რეპუტაცია შელახა ევროპის საბჭოს 2010 წლის ანგარიშმა, რომელშიც საუბარი იყო ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირსა და ომის მიმდინარეობისა თუ მისი დასრულებისთანავე ჩადენილ მძიმე დარღვევებზე.