კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჰაშიმ ტაჩის მიმართ გამოტანილ განაჩენს „მიუღებელ უსამართლობას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მთავრობა სააპელაციო საჩივარს მხარს დაუჭერს
კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ ქურთი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჰაშიმ ტაჩის მიმართ ომის დანაშაულებისთვის გამოტანილ განაჩენს „მიუღებელ უსამართლობას“ უწოდებს.
მისი თქმით, მთავრობა ტაჩის სააპელაციო საჩივარს მხარს დაუჭერს.
„ეს განაჩენი და ასეთი მკაცრი სასჯელის შეფარდება მიუღებელი უსამართლობა და მძიმე, საზიანო სასჯელია. შეიძლება, განაჩენი ფორმალურად კოსოვოს ხალხის სახელით გამოცხადდა, მაგრამ ეს ფუჭი ქმედება ხალხის ნებაში არ უნდა აგვერიოს. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეიცვალოს და გამოსწორდეს სააპელაციო სასამართლოში და ეს რაც შეიძლება, მალე უნდა მოხდეს.
კოსოვოს რესპუბლიკის მთავრობა კვლავ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა ბრალდებულებს სააპელაციო პროცესში მხარი დაუჭიროს. ჩვენ ველოდებით, რომ ეს უსამართლობა სრულად გამოსწორდება. ეს განაჩენი არ შეიძლება განვიხილოთ იმ ისტორიული კონტექსტისგან განცალკევებით, რომელშიც კოსოვოს განმათავისუფლებელი არმია შეიქმნა“, – განაცხადა ალბინ ქურთმა.
ცნობისთვის, კოსოვოს ყოფილ პრეზიდენტს, ჰაშიმ ტაჩის ჰააგის სასამართლომ 25-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი ომის დანაშაულებთან დაკავშირებულ ოთხ საქმეზე ჰქონდა წაყენებული. კოსოვოს სპეციალიზებულმა პალატებმა ჰაშიმ ტაჩი დამნაშავედ ცნეს მკვლელობაში, წამებაში, სასტიკ მოპყრობასა და თვითნებურ დაკავებაში.
თავმჯდომარე მოსამართლემ, ჩარლზ სმიტმა განაცხადა, რომ ტაჩიმ გამოიყენა თავისი პოზიცია, ლიდერობა, ავტორიტეტი და სტატუსი დანაშაულების წასახალისებლად, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმისთვის, რომლებიც კოლაბორაციონისტებად და მოღალატეებად იყვნენ მიჩნეულნი. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში დემონსტრანტების ჯგუფი ევროკავშირის მისიის შენობის წინ შეიკრიბა და მასზე შტურმი სცადა.