კოსოვოს პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს

კოსოვოს პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

უცხოური მედიის ცნობით, ამგვარად ოპოზიციამ მონტენეგროსთან საზღვრის დემარკაციის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით კენჭისყრის ჩაშლა სცადა.

სხდომათა დარბაზში ცრემლსადენი გაზის გაშვების გამო, პარლამენტის წევრები იძულებულები გახდნენ, სხდომა დაეტოვებინათ.

მონტენეგროსთან საზღვრის დემარკაციის შეთანხმების რატიფიცირებისთვის 120-წევრიანი პარლამენტის ხმების ორი-მესამედია საჭირო.

კოსოვოსა და მონტენეგროს შორის შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა. ოპოზიციის მტკიცებით, შეთანხმების ამოქმედების შედეგად კოსოვო 8000 ჰექტარ ტერიტორიას დაკარგავს. მონტენეგროს აღნიშნული შეთანხმება უკვე რატიფიცირებული აქვს.

კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა ცნობს. თუმცა, მის დამოუკიდებლობას დღემდე არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, ასევე რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო.