კოსოვოს პარლამენტმა ახალი სპიკერის არჩევა მეოთხე მცდელობითაც ვერ შეძლო. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებიდან 2.5 თვის შემდეგ პოლიტიკურ კრიზისშია. კოსოვოს კონსტიტუციით, პარლამენტის თავმჯდომარე იქამდე უნდა დაამტკიცონ, ვიდრე არჩევნებში გამარჯვებული პარტია მთავრობის ფორმირებას შეძლებს.
9 თებერვალს გამართულ არჩევნებში პირველ ადგილზე პრემიერ-მინისტრ ალბინ ქურთის პარტია „თვითგამორკვევა“ გავიდა, თუმცა უმრავლესობისთვის საჭირო მანდატების მოგროვება ვერ შეძლო. სწორედ ალბინ ქურთიმ მოიხსენია ოპოზიციის წარმომადგენლები „ცხოველებად“ და „ქურდებად“. თავის მხრივ, ოპოზიციური ძალები აცხადებენ, რომ „თვითგამორკვევასთან“ კოალიციაში არ შევლენ და ალბინ ქურთის სერბული უმრავლესობით დასახლებულ ჩრდილოეთ რეგიონში დაძაბულობის გამწვავებაში სდებენ ბრალს.
პარლამენტის სპიკერად ალბინ ქურთის მიერ წარდგენილი ალბულენა ჰაჯიუს კანდიდატურა განიხილებოდა, რომელიც მალე იუსტიციის მინისტრის პოსტს დატოვებს, თუმცა საჭირო 61 ხმის აღება ვერ შეძლო. პარლამენტი 48 საათის განმავლობაში კიდევ ერთ კენჭისყრას გამართავს. ოპოზიცია ალბინ ქურთის მიმართავს, შეცვალოს სპიკერობის კანდიდატი, თუკი მხარდაჭერის მოპოვება სურს.
კანონმდებლობით, თუ სპიკერის ვერ აირჩევა, პრეზიდენტი არჩევნებში მეორე ადგილზე გასულ „დემოკრატიულ პარტიას“ გადასცემს მანდატს. მთავრობის ფორმირება თუ ვერ მოხერხდება, წლის ბოლომდე ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.