კოსოვოს მომავალი - როგორია აშშ-რუსეთის გეგმა
კოსოვოს მომავალი - როგორია აშშ-რუსეთის გეგმა

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ჰელსინკიში კოსოვოს დაყოფაზე შეთანხმდნენ – კოსოვოს გამოცემა Gazeta Express-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირები,ოფიციალური ბელგრადის მხრიდან კოსოვოს ტერიტორიის აღიარების სანაცვლოდ, კოსოვოს ტერიტორიის ნაწილის სერბეთისთვის გადაცემის გეგმას ემხრობიან. თეთრი სახლის წყარომ გამოცემას უთხრა, რომ სერბეთისგან აღიარების მოპოვების სანაცვლოდ, კოსოვომ ჩრდილოეთით, ეთნიკური სერბებით დასახლებული ტერიტორიები უნდა დათმოს.

გამოცემის თანახმად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში რადიკალური ცვლილელები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად ჯონ ბოლტონის დანიშვნის შემდეგ ხდება, რომელიც გაეროში აშშ-ის ელჩად მუშაობის პერიოდში კოსოვოს დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებოდა.

„დონალდ ტრამპი, ამერიკის არაკონვენციური პრეზიდენტი და მისი გუნდი, არ ეთანხმებიან მათი წინამორბედების ნამოქმედარს, როგორც ამერიკის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ასევე დიდი ალბათობით კოსოვოს საკითხთან დაკავშირებითაც. არის შესაძლებლობა, რომ ჰელსინკიში ტრამპმა და პუტინმა კოსოვოს საკითხზე ისაუბრეს. შესაძლებელია საუბარი შეეხო ტერიტორიების გაცვლასაც, მაგრამ ამ დრამის დასასრული არის ის, რომ კოსოვოსგან რაც დარჩება, შესაძლებელია განხილული იყოს, როგორც ალბანეთის პროვინცია“, – წერს Gazeta Express-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

სერბეთისა და კოსოვოს ტერიტორიულ პრობლემებზე საუბრისას, აღსანიშნავია სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ახალი ინიციატივა, რომელსაც კოსოვოს ტერიტორიაზე და მეტოხიის ოლქში მცხოვრებ ალბანელებთან დელიმიტაცია სურს. ვუჩიჩი აცხადებს, რომ ტერიტორია, სადაც არ იცი, როგორ იმოქმედო და გაურკვეველია, ვის ეკუთვნის, პოტენციური კონფლიქტისა და პრობლემის წყაროა. სერბეთის პრეზიდენტი ინიციატივის კიდევ ერთ მიზეზად ალბანელების მაღალ შობადობას ასახელებს და ამბობს, რომ დელიმიტაციის შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ალბანელები შესაძლოა სერბეთის ტერიტორიის სიღრმეში გადავიდნენ.

ვუჩიჩის ინიციატივა სავარაუდოდ ასევე გულისხმობს ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ პრეშევოს რეგიონის კოსოვოსთვის გადაცემას, რომელიც ალბანელებითაა დასახლებული. საყოველთაო გეგმა ჯერ სააშკარაოზე ღიად გამოტანილი არ არის, თუმცა დიდი ალბათობით კოსოვოსა და სერბეთს შორის ტერიტორიის გაცვლას ეთნიკური ნიშნით გულისხმობს.

სერბეთის ინიციატივას ემთხვევა კოსოვოს ლიდერის ახალი წინადადებაც. ჰაშიმ ტაჩი ამბობს, რომ ბრიუსელში სერბეთთან მოლაპარაკებებზე აპირებს დააყენოს ინიციატივა, რაც ალბანელებით დასახლებული სერბეთის რაიონების კოსოვოსთვის მიერთებას გულისხმობს.

საყურადღებოა ერთი ფაქტიც, რომ სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა, რაშ-პრიზრენის ეპისკოპოსმა თედოსიმ, კოსოვოს ტერიტორიის დანაწევრების საიდუმლო გადაწყვეტილების შესახებ სერბ პოლიტიკოსებს ინფორმაცია მიაწოდა.

აგვისტოს დასაწყისში სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დადგა დრო კომპრომისული გადაწყვეტილების მისაღებად, არგუმენტად კი აშშ-ის, ევროკავშირის და რუსეთის ხელმძღვანელების დაინტერესება დაასახელა.

1999 წელს სერბების წინააღმდეგ ნატოს 78-დღიანი სამხედრო ოპერაცია, ეთნიკური ალბანელების წინააღმდეგ სისხლიანი  დარბევების შეჩერებას ისახავდა მიზნად. ცხრა წელში კი, 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მას შემდეგ კოსოვოს 117 დიპლომატიური აღიარება აქვს. სერბეთი, რომელიც კოსოვოს წლების განმავლობაში საკუთარი ცივილიზაციის აკვნად მიიჩნევდა, მის დამოუკიდებლობას არ აღიარებს და მხარდაჭერა რუსეთისგან აქვს.

ევროკავშირის შუამდგომლობით ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით, სერბეთსა და კოსოვოს შორის მოლაპარაკებები 2011 წელს დაიწყო. მხარეებს შორის ე.წ. „ბრიუსელის შეთანხმება“ 2013 წელს გაფორმდა. ჯერჯერობით უცნობია, რა მოხდება არსებული საზღვრების შეხების შემდეგ. ერთი რამ კი ცხადია, რომ აშშ-რუსეთის გეგმაზე კოსოვოში უკვე ღიად საუბრობენ.