კოსოვოს ხელმძღვანელობამ ეთნიკურ სერბებთან დაკავშირებით დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნების შესახებ გადაწყვეტილება პირველ სექტემბრამდე გადადო
კოსოვოს ხელმძღვანელობამ ეთნიკურ სერბებთან დაკავშირებით დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნების შესახებ გადაწყვეტილება 2022 წლის პირველ სექტემბრამდე გადადო.
ადილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების გადადების თხოვნით კოსოვოს ადმინისტრაციას პრიშტინაში აშშ-ის ელჩმა, ჯეფრი ჰოვენიემ მიმართა. მაგრამ, როგორც მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, ღონისძიება გადაიდება ერთი თვით, თუ პირველ აგვისტოს კოსოვოს ჩრდილოეთში განთავსებული ბარიკადები მოიხსნება.
„კოსოვოს რესპუბლიკის მთავრობა კატეგორიულად გმობს დღეს კოსოვოს ჩრდილოეთით გზების გადაკეტვას და იქ შეიარაღებული პირების მიერ პოლიციის მისამართით სროლას. საუბარია კოსოვოს დესტაბილიზაციის ტენდენციაზე და ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას. დღეს შუადღისას და საღამოს იყო არაერთი აგრესიული აქტი, რომელიც იყო წაქეზებული და მომზადებული ოფიციალური ბელგრადის მიერ“, – ნათქვამია კოსოვოს ადმინისტრაციის განცხადებაში.
მედიის ცნობით, სერბეთსა და კოსოვოს შორის გამყოფ ხაზზე სროლისა და განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა. კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებმა სერბებმა მთავარი ავტომაგისტრალები სატვირთო ავტომობილებით გადაკეტეს. კოსოვოში მცხოვრები სერბების უკმაყოფილება კოსოვოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელიც ეთნიკური სერბებისთვის საავტომობილო ლიცენზიების ცვლილებას ითვალისწინებს.