კოსოვოს დედაქალაქში დემონსტრანტების ჯგუფმა ჰაშიმ ტაჩისთვის 25-წლიანი პატიმრობა გააპროტესტა და ევროკავშირის მისიის შენობაზე შტურმი სცადა
კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში დემონსტრანტების ჯგუფი ევროკავშირის მისიის შენობის წინ შეიკრიბა და მასზე შტურმი სცადა. მედიის ცნობით, ამის მიზეზი ჰააგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც კოსოვოს ყოფილ პრეზიდენტს, ჰაშიმ ტაჩის 25-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის მისიის შენობას სპეცრაზმის დიდი კონტინგენტი იცავდა. რამდენიმე დემონსტრანტმა შენობის გარშემო მავთულხლართებზე გადაძრომა სცადა, თუმცა სპეცრაზმმა ისინი უკან გააბრუნა.
მომიტინგეებს ხელში ალბანეთისა და შავი დროშები ეკავათ სლოგანით – „თავისუფლებას სახელი აქვს“.
ცნობისთვის, კოსოვოს ყოფილ პრეზიდენტს, ჰაშიმ ტაჩის ჰააგის სასამართლომ 25-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი ომის დანაშაულებთან დაკავშირებულ ოთხ საქმეზე ჰქონდა წაყენებული. კოსოვოს სპეციალიზებულმა პალატებმა ჰაშიმ ტაჩი დამნაშავედ ცნეს მკვლელობაში, წამებაში, სასტიკ მოპყრობასა და თვითნებურ დაკავებაში. თავმჯდომარე მოსამართლემ, ჩარლზ სმიტმა განაცხადა, რომ ტაჩიმ გამოიყენა თავისი პოზიცია, ლიდერობა, ავტორიტეტი და სტატუსი დანაშაულების წასახალისებლად, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმისთვის, რომლებიც კოლაბორაციონისტებად და მოღალატეებად იყვნენ მიჩნეულნი.