კოსოვომ, ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინამ ნობელიანტი მწერალი პიტერ ჰანდკე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს
კოსოვომ, ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინამ ნობელიანტი მწერალი პიტერ ჰანდკე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს

კოსოვომ, ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინამ ნობელიანტი მწერალი პიტერ ჰანდკე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.

ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. გერმანული გამოცემის ცნობით, ავსტრიელი მწერალი სერბეთის ყოფილ პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის მხარდაჭერისა და გენოციდთან დაკავშირებით მისი შეხედულების გამო ბოსნია და ჰერცოგოვინაში, ასევე კოსოვოში ჩასვლას ვერ შეძლებს.

„კრიმინალის უარყოფა და მხარდაჭერა, კიდევ უფრო საშინელი კრიმინალია“, – ასეთი განცხადება გააკეთა კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ავსტრიელ მწერალზე საუბრის დროს.

ამის პარალელურად ხორვატიამ, ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ალბანეთმა, კოსოვომ და თურქეთმა ავსტრიელი მწერლისთვის ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიას ბოიკოტი გამოუცხადეს, რომელიც სტოკჰოლმში 10 დეკემბერს გაიმართა.

იუგოსლავიის ომის დროს 1990-იან წლებში ავსტრიელი მწერალი პიტერ ჰანდკე სერბეთის მხარდამჭერი იყო. ამ კონფლიქტის დროს კი სერბეთის არმიამ კოსოვოში, ბოსნიასა და ხორვატიაში რიგი ომის დანაშაული ჩაიდინა.

იუგოსლავიის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი 2001 წელს დააკავეს და ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცეს. მას ბრალი ედებოდა იუგოსლავიის ომის დროს ბოსნიაში, ხორვატიასა და კოსოვოში გენოციდის განხორციელებაში. თუმცა ის ისე დაიღუპა, რომ საერთაშორისო ტრიბუნალს განაჩენი არ გამოუტანია. იგი 2006 წელს ჰააგის ციხეში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიელი მწერალი პიტერ ჰანდკე სლობოდან მილოშევიჩის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა.