კოსაჩოვი - რუსეთი პროცესში არ ჩარეულა, სირიის მთავრობამ გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო
კოსაჩოვი - რუსეთი პროცესში არ ჩარეულა, სირიის მთავრობამ გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო

რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი სირიის მთავრობის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარებას დადებითი პროცესის დაწყებად აფასებს.

„რუსეთი ამ პროცესში არ ჩარეულა. სირიის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო, რაც სირიისა და აფხაზეთის მთავრობებს შორის არსებულმა ურთიერთობებმა განაპირობა. დარწმუნებული ვარ, ეს დასაწყისია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სხვა სახელმწიფოებიც შეუერთდებიან“, – განაცხადა კოსაჩოვმა.

კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა, რომ მხარეები საელჩოების გახსნასაც გეგმავენ.

რამდენიმე საათის წინ ბაშარ ასადის რეჟიმმა საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის ფონზე ორმხრივი აღიარებით, სირიის არაბთა რესპუბლიკა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შეთანხმდნენ ურთიერთაღიარების გაცვლაზე, სირიისა და აფხაზეთს, სირიისა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დამყარებაზე. დიპლომატიური ურთიერთობები მყარდება საელჩოების დონეზე“, – აღნიშნულია სირიის არაბული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სირია პირველი არაბული სახელმწიფოა, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობა“ აღიარა.