კორუფციის აღქმის მსოფლიო ინდექსში საქართველო 46-ე ადგილზეა
კორუფციის აღქმის მსოფლიო ინდექსში საქართველო 46-ე ადგილზეა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო ორი პოზიციით ჩამოქვეითდა და მსოფლიოში 46-ე ადგილზეა. ქვეყნის მაჩვენებელი ერთი ქულითაა გაუარესებული და 57 ქულას შეადგენს.

საქართველო 46-ე ადგილს მალტასთან ერთად ინაწილებს და წინა წლის მსგავსად, კვლავ ლიდერია აღმოსავლეთ ევროპის (ევროკავშირის ქვეყნების გამოკლებით) და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

რეიტინგის სათავეში არიან ახალი ზელანდია (89 ქულა), დანია (88 ქულა) და ფინეთი (85 ქულა), ყველაზე ცუდია ვითარება სირიაში (14 ქულა), სამხრეთ სუდანსა (12 ქულა) და სომალიში (9 ქულა).

კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნო 1995 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს, ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ.