კორსიკაზე აღმოაჩინეს 40 სამარხი, რომლებშიც ადამიანები თიხის დიდ ქოთნებში არიან დაკრძალული — #1tvმეცნიერება
კორსიკაზე აღმოაჩინეს 40 სამარხი, რომლებშიც ადამიანები თიხის დიდ ქოთნებში არიან დაკრძალული — #1tvმეცნიერება

საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე აღმოაჩინეს უძველესი სასაფლაო, სადაც მიაგნეს ცილინდრულ ქილებს, რომლებშიც ადამიანთა ძვლებია მოთავსებული.

არქეოლოგთა განცხადებით, სასაფლაოზე დამარხულია როგორც ბავშვები, ისე ზრდასრულები. მდებარეობს კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, პატარა ქალაქ ილ-რუსში და როგორც ჩანს, გამოიყენებოდა ახ. წ. მე-3 – მე-5 საუკუნეებში, პერიოდში, როდესაც რომის იმპერია თანდათან სუსტდებოდა.

ადამიანთა დიდი ნაწილი ამფორებშია დამარხული, დიდ ჭურჭლებში, რომლებსაც როგორც წესი, სხვადასხვა პროდუქტების შესანახად იყენებდნენ, მაგალითად, ზეითუნის ზეთის, ღვინის ან მწნილეულის. ამფორების დიზაინი მიუთითებს, რომ ისინი ჩრდილოეთ აფრიკიდან არის, ზოგიერთი კი შეიძლება კართაგენშიც იყოს დამზადებული.

გათხრების ხელმძღვანელის, საფრანგეთის პრევენციული არქეოლოგიური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRAP) არქეოლოგის, ჟან-ჟაკ გრიზოს განცხადებით, სასაფლაოზე დამარხული ადამიანები სავარაუდოდ იქვე ახლომახლოს ცხოვრობდნენ.

მისივე თქმით, იმ დროს ხმელთაშუა ზღვის აუზში ვაჭრობა იყო გაჩაღებული.

არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი სამარხი ტერაკოტის კრამიტებით არის დაფარული. რომაელები ამ კრამიტებს ძირითადად შენობების გადასახურად იყენებდნენ, ზოგჯერ კი სამარხების გადასაფარებლადაც.

კორსიკაზე სხვა სამარხებიც არის აღმოჩენილი, რომლებიც ხშირად რელიგიურ შენობებთან არის დაკავშირებული.

მკვლევართა განცხადებით, უფრო მეტი კვლევაა საჭირო იმის დასადგენად, რომელი ქალაქები იყო დაკავშირებული ახლად აღმოჩენილ სასაფლაოსთან.

„ძველ ტექსტებში არანაირი ქალაქი არ იხსენიება; არც მეორე საუკუნის გეოგრაფის, პტოლემეს მიერ შედგენილ კორსიკის რუკაზე“, — ამბობს გრიზო.

მომდევნო თვეების განმავლობაში არქეოლოგები ლაბორატორიაში შეეცდებიან აღმოჩენილი ჩონჩხების სქესის, ასაკისა და იმ რაიმე დაავადებების ან დაზიანებების დადგენას, რომლებიც შეიძლება მათ ჰქონდათ.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.