კორპუსის მცხოვრებლებს, სადაც დღეს აფეთქება მოხდა, ქირით გადაიყვანენ
კორპუსის მცხოვრებლებს, სადაც დღეს აფეთქება მოხდა, ქირით გადაიყვანენ

გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, რომ კორპუსის მცხოვრებლებს, სადაც დღეს აფეთქება მოხდა ქირით გადაიყვანენ.

როგორც ჟურნალისტებს გამგეობის წარმომადგენელმა განუცხადა, პირველადი დასკვნის შემდეგ გადაწყდება, დასაშვებია თუ არა, აღნიშნულ შენობაში მოსახლეობის დატოვება.

„გურამიშვილის 30 ნომერში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა აფეთქება. ამ ეტაპისთვის დაშავებულების რაოდენობა ოფიციალური მონაცემებით არის ოთხი, მათ შორის, ერთი არის მძიმე მდგომარეობაში.

გამგეობის და მერიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან წარმოდგენილები. ჩვენ შევქმენით უკვე საორგანიზაციო ჯგუფი, მოვახდენთ ხალხთან კომუნიკაციას, რაც იქნება ჩვენი მხრიდან, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმუმი გაკეთდება. სავარაუდოდ, დაველოდებით პირველად კონსტრუქციულ დასკვნას, რის შემდეგაც გადაწყდება, აღნიშნულ შენობაში დავტოვოთ თუ არა დღეს მოსახლეობა. სავარაუდოდ მოგვიწევს გაყვანა. პირველ ეტაპზე გავიყვანთ ქირით მოსახლეობას. თუ საჭიროება მოითხოვს, შემდეგ ეტაპზე უკვე გავიყვანთ ოჯახებს ქირით.

ამ დროისთვის კორპუსი არის დაცლილი. სამაშველო სამსახურებმა ძალიან სწრაფ რეჟიმში მოახდინეს ევაკუაცია, დანარჩენს დღის განმავლობაში ინფორმაციას მოგაწვდით“, – განაცხადა გამგეობის წარმომადგენელმა.

მისივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებულებს შორის არის ერთი მოზარდი.

„ერთი დაშავებული არის მოზარდი. ერთი არის ვის ოჯახშიც მოხდა აფეთქება, ის არის შედარებით მძიმედ. სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა აფეთქება. იყო თუ არა კუსტარულად დამონტაჟებული, ამა უკვე სპეციალისტები დაადგნენ. შესაბამისი სამსახურები შეამოწმებენ, რის გამო და რატომ მოხდა აფეთქება“, – განაცხადა გამგეობის წარმომადგენელმა.