კორონავირუსზე პისიარ და ანტიგენის ტესტები შესაძლოა, უფასო აღარ იყოს
კორონავირუსზე პისიარ და ანტიგენის ტესტები შესაძლოა, უფასო აღარ იყოს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსზე პისიარ და ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარება შესაძლოა, უფასო აღარ იყოს.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოზე დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დააყენა ინიციატივა, გარკვეულ დაწესებულებეში შესვლა ვაქცინაციის ან ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში იყოს შესაძლებელი.

„დაავადებათა კონტრო​ლის ცენტრმა დავაყენეთ ჩვენი წინადადება. ეს ახალი ველოსიპედი არ არის. იცით, ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებს უკვე ამას, რომ სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისას, როგორიც გახლავთ სამასპინძლო დაწესებულებები, კაფე, რესტორნები, სილამაზის სალონები, ჯიმები, სავარჯიშო დარბაზები და ა.შ. რომ იქ დაშვებული იქნენ. დასავლეთის ქვეყნებში, სადაც აცრის მოცვის მაჩვენებელი დიდია, ისინი უშვებენ სრულად აცრილებს, მაგრამ სანამ ჩვენთან არ ავცილდებით 10 პროცენტს, დღეს შვიდ პროცენტზე ვართ დაახლოებით მოსახლეობის მოცვით. სანამ არ ავცილდებით 10 პროცენტს, მანამდე ჯერჯერობით დავუშვებთ, ერთხელ აცრილი ადამიანიც დაშვებული იქნას ასეთ დახურულ შენობაში, ყოველგვარი სხვა დამატებითი ღონისძიების გარეშე, ან თუ ის აცრილი არ არის, მას ბოლო 72 საათში უნდა ჰქონდეს გაკეთებული და უარყოფითი პისიარტესტი უნდა ჰქონდეს, ან ბოლო 24 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტი. ეს საკითხი დავაყენეთ ჩვენ. ალბათ საბჭო კიდევ იმსჯელებს. ჩვენი წინადადება იყო, რომ ხალხი მოემზადოს. ხაზი მინდა, გავუსვა, ეს 24-საათიანი და 72-საათიანი პისიარი ან ანტიგენი აღარ იქნება სახელმწიფოს ხარჯზე. სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ ისინი უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში წასვლა, გვინდა ამ დაწესებულებებში სტუმრობა, მაშინ კეთილი ინებეთ და უკვე თქვენი ხარჯით ან თქვენი დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა ტესტირებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი