კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, დაიცვან თვითიზოლაციის წესები
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, დაიცვან თვითიზოლაციის წესები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ.

მათვე ინფორმაციით, სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა და კვლავ 15-ს შეადგენს. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ორ მათგანს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 56 პირი. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების თაობაზე.

ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანდაცვის უწყების მიერ მიცემული აქვთ მითითება საკარანტინო პერიოდის თვითიზოლაციაში გატარების თაობაზე, კატეგორიულად აფრთხილებს, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, დაიცვან თვითიზოლაციის წესები, რათა არ შეუქმნან საფრთხე ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი. დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ხელისუფლება სრულად მართავს პროცესს“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.