კორონავირუსთან დაკავშირებით, იმერეთის რწმუნებულმა საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა
კორონავირუსთან დაკავშირებით, იმერეთის რწმუნებულმა საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ რეგიონში, COVID-19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში ამ კუთხით არსებული ვითარება და პრევენციული ზომები განიხილეს.

სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონში არსებობს საკარანტინო სივრცეები და არსებული სიტუაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება კოორდინირებულად ხდება.

მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ყველა უწყების წარმომადგენლისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ შეხვედრაზე როგორც რეგიონის მასშტაბით, ასევე საკარანტინო ზონებში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის წევრებმა დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული დავალებები მიიღეს, მათ შორის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების შესახებ.

სპეცეპიდზედამხედველობის და დეზინფექციის სამსახურის უფროსის რუსუდან ხაჭაპურიძის განცხადებით, სადეზინფექციო სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება და ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს.

ამასთან, შეხვედრაზე გაცხადდა, რომ სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, იმერეთის რეგიონში გაუქმდება 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

„მორიგი შეხვედრა გავმართეთ მუნიციპალიტეტის მერებთან და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებთან. მათგან მოვისმინეთ, რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ თავიანთ მუნიციპალიტეტებში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ. ასევე მიეცათ რეკომენდაციები, რა მიმართულებით უნდა გავააქტიუროთ კიდევ უფრო მუშაობა და როგორ უნდა დავგეგმოთ ყოველდღიურად სადეზინფექციო სამუშაოები სკოლებში, ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ა.შ.”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის განცხადებით, შეხვედრაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები იქნა მიღებული.

„დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით. შეხვედრა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან ეხებოდა იმ ღონისძიებებს, რომელიც უნდა გავატაროთ მთლიანად საქართველოში და იმერეთშიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სამხარეო ადმინისტრაციას და პირველ რიგში, ბატონ ზვიად შალამბერიძეს ასეთი კოორდინირებული მუშაობისთვის და ყველა მუნიციპალიტეტების მერს. დღეს იყო მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები იგივე ბაღებში, სკოლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექციის დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით. ყველა ეს გადაწყვეტილება ხვალიდან ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით განხორციელდება”, – განაცხადა გიორგიძემ.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.