კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტთაგან ერთ-ერთი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს
კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტთაგან ერთ-ერთი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ დროისთვის მათ კლინიკაში 63 პაციენტი იმყოფება, მათგან 14 დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით.

როგორც რატიანმა აღნიშნა, მისთვის უცნობია, აქედან ერთი ახალი ინფიცირებული პაციენტი რომელ კლასტერს უკავშირდება.

„ამ ეტაპზე კლინი​კაში 63 პაციენტია, მათ შორის არის ერთი დამატებითი ინფიცირების შემთხვევა, ანუ ჩვენთან კლინიკაში მკურნალობს 14 ინფიცირებული პაციენტი. არ ვარ ეპიდემიოლოგი და ვერ გაგცემთ იმ კითხვაზე პასუხს, რომელი კლასტერიდან არის პაციენტი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ შესწავლილია ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ მათი ყველა წარმომავლობა“,- აღნიშნა რატიანმა.

მისივე თქმით, ჩატარებული მკურნალობის შედეგად, 14 პაციენტიდან ორი მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მათი მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხებათ დანარჩენ პაციენტებს, ისინი იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ინფექციონისტებისა და რეანიმატოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ.

„სამის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. ველოდებით 14 დღის გასვლას, რომ ავიღოთ განმეორებითი სინჯები. თუ მოხდა, რომ ბიოლოგიურ ნაცხში ვირუსი არ აღმოჩნდა ორჯერადად, უახლოეს დღეებში ასეთი პაციენტები დატოვებენ კლინიკას და გადავლენ თვითიზოლაციაში.

რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, მათთან დასტურდება პნევმონიის სურათი. მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა. უარყოფითი კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპზე არ ვლინდება“, – განაცხადა რატიანმა.