კორონავირუსით გარდაცვლილი 46-ე პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილი 46-ე პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა

კორონავირუსით გარდაცვლილი 46-ე პაციენტი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა. 69 წლის მამაკაცს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორ ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკას ახალი კოვიდდადებითი პაციენტი არ მიუღია, ხოლო ვირუსი ექვსმა პაციენტმა დაამარცხა.

„სამწუხაროდ, 46-ე გარდაცვლილი პაციენტი ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა. 69 წლის მამაკაცი აფხაზეთიდან იყო და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ ეტაპზე, კლინიკას ახალი პაციენტები არ მიუღია. გვყავს ექვსი გამოჯანმრთელებული“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ვირუსი ჯამში 116-მა პაციენტმა დაამარცხა, ხოლო ორი შემთხვევა ფატალურად დასრულდა. ამ ეტაპზე, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 53 კოვიდდადებითი გადის მკურნალობას.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. ამგვარად, ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა.