კორონავირუსით გარდაცვლილი 18 პაციენტიდან ოთხი აჭარაში მკურნალობდა

კორონავირუსით გარდაცვალების 18 შემთხვევიდან ოთხი აჭარაში დაფიქსირდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გარდაცვლილ პაციენტებთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 89 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში  30 ოქტომბერს შეიყვანეს. მას აღენიშნებოდა მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა, ასევე გადატანილი ჰქონდა ინსულტი.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში 55 წლის მამაკაცი კლინიკაში 9 ოქტომბრიდან მკურნალობდა. მისი ანამნეზის თანახმად, პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, ვენების ემბოლია და თრომბი.

ამავე საავადმყოფოში გარდაცვლილი მეორე პაციენტი 84 წლის ქალია, რომელიც კლინიკაში 26 ოქტომბერს მოათავსეს. „კოვიდ-19“-თან ერთად, მას აღენიშნებოდა მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, თირკმლის მწვავე უკმარისობა.

ბათუმის სამედიცინო ცენტრში 39 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც 3 ნოემბერს შეიყვანეს კლინიკაში. მისი დიაგნოზია: „კოვიდ-19“, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი დაუზუსტებელი, ესენციური ჰიპერტენზია.

დატოვე კომენტარი