კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისას, შშმ პირთა საჭიროებების განხილვის მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა
კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისას, შშმ პირთა საჭიროებების განხილვის მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა

მთავრობის ადმინისტრაციაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.

„ვაცნობიერებთ რა COVID-19-ის კრიზისით გამოწვეულ მომატებულ რისკებს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ, მიმდინარე რეჟიმში ვახორციელებთ რისკების მონიტორინგს თავად თემის წარმომადგენლების ჩართულობით“, – განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

საგანგებო მდგომარეობის დროს შშმ პირების უფლებების დაცვის მიზნით გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოხსენებები გააკეთეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ, სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, თათია გვარამაძემ, სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა, მერი მაღლაფერიძემ და გაერო-ს განვითარების პროგრამის მენეჯერმა, მარიამ თუთბერიძემ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რასაც ყოველდღიურ პრაქტიკაში აწყდებიან შეცვლილი ვითარებიდან გამომდინარე. სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს დასახელებულ გამოწვევებზე მუშაობას.