კორონავირუსით ერთი პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა
კორონავირუსით ერთი პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ასაკოვანი მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, მამაკაცის გადარჩენა თანმხლები დაავადებების გამო ვერ მოხერხდა.

„ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული მე-3 პაციენტი დაიღუპა. 68 წლის მამაკაცს სიმსივნური დაავადება ჰქონდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა მძიმედ. გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, დაავადების მძიმე მიმდინარეობის გამო, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, ამ დროისთვის 68 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. გასული 24 საათის მანძილზე გამოჯანმრთელდა რვა პაციენტი, კლინიკაში შეიყვანეს კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი ახალი პაციენტი, კრიტიკულად მძიმეა ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ამასთან, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა.