კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია
კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან სამი ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი შემოტანილია, კიდევ ორი შემთხვევის წყარო ჯერ უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, დღესდღეობით, საქართველოში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 82-ია.

„შვიდი ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: სამი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი შემოტანილია, მათგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ორ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენეველი კვლავ 82-ია. კოვიდცენტრებში 239 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. მათგან რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ოთხი კრიტიკული და 16 მძიმე პაციენტი მკურნალობს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, კლინიკაში სულ 18 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ერთი მძიმედ ფასდება, დანარჩენი ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

„რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, გვყავს 18 დადასტურებული შემთხვევა. არც გაწერილა არავინ და არც ახალი პაციენტი მიგვიღია. მძიმე პაციენტების რაოდენობა უცვლელია. რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას ორი პაციენტი განაგრძობს, მათგან ერთი ჯერჯერობით კვლავ კრიტიკულად მძიმეა, თუმცა მისი მდგომარეობა უკვე სტაბილურია, ერთი კი მძიმე პაციენტია. დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქი გახლავთ“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.