ფოთში შვიდი სკოლა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ერთი კი სასწავლო პროცესს სრულად დისტანციურ ფორმატში აგრძელებს
ფოთში შვიდი სკოლა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ერთი კი სასწავლო პროცესს სრულად დისტანციურ ფორმატში აგრძელებს

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ფოთში შვიდი სკოლა სწავლების ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ერთი სკოლა კი სასწავლო პროცესს სრულად დისტანციურ ფორმატში აგრძელებს.

საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორის, გოჩა ქორქიას განცხადებით, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევათა მატების დინამიკა ფიქსირდება და შემდგომი სასწავლო პროცესის განსაზღვრის მიზნით, განათლების სამინისტროსთვის მიმართვას გეგმავენ.

„მესამე საჯარო სკოლაში, კორონავირუსი კლასის ხელმძღვანელს და სამ მოსწავლეს დაუდასტურდა. ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, დისტანციურზე მხოლოდ ის კლასები გადავიყვანეთ, სადაც ეს ბავშვები სწავლობენ და პლუს, სადაც ასწავლიდა ხელმძღვანელი. საუბარია მე-5, მე-6 და მე-9 კლასებზე.

დღევანდელი მდგომარეობით, სულ შვიდ სკოლაშია წერტილოვანი შეზღუდვები და მხოლოდ მე-12 საჯარო სკოლა არის სრულად დისტანციური სწავლების ფორმატში, სადაც ვირუსი დაუფიქსირდა ერთ პედაგოგს, რომელიც თითქმის ყველა კლასს ასწავლის, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ სკოლა ორი კვირის ვადით, 26 აპრილამდე გადაგვეყვანა დისტანციურ სწავლებაზე. ზოგადად, სკოლებში მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა, გადავხედავთ ხვალ, დინამიკაში რა სურათი გვექნება და შემდეგ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, განათლების სამინისტროს მივმართავთ შუამდგომლობით, თუ როგორ დავაორგანიზოთ სასწავლო პროცესები ქალაქის სკოლებში“, – აღნიშნა საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორმა გოჩა ქორქიამ.