კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მედპერსონალის აცრები შიდა ქართლის რეგიონშიც დაიწყო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მედპერსონალის აცრები შიდა ქართლის რეგიონშიც დაიწყო

„კოვიდ19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მედპერსონალის აცრები შიდა ქართლის რეგიონშიც დაიწყო. დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით სამედიცინო ცენტრ „გორმედისა“ და გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმები აიცრებიან. პირველმა კლინიკა „გორმედში“ აცრა სასწრაფო დახმარების ჯგუფის ექიმმა, ქეთევან ლაფაჩმა ჩაიტარა. ამ ეტაპისთვის 20 მსურველია დარეგისტრირებული, რომელიც დღეს აიცრება „გორმედის“ ცენტრში.

„დღეს 20 ადამიანია რეგისტრირებული და შემდეგ დღეებშიც გაგრძელდება რეგისტრაცია. რაც შეეხება ვაქცინაციის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, მინდა გითხრათ და მოგიწოდოთ ყველას, კოვიდის გართულებები უფრო მეტს იწვევს, ვიდრე ვაქცინაცია. ყველა ვაქცინაციას გართულებები თან ახლავს, მაგრამ ის, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ქვეყნებმა გააჩერეს თრომბოემბოლიების გამო, ეს დადასტურებული ჯერ არ არის. ასე რომ, ყველა ჩემს კოლეგას მოვუწოდებ, გაიკეთოს ვაქცინა. ჩვენი ქსელის მასშტაბით, ვიცრებით ყველა. ჩვენთან დაინფიცირება გვიან წავიდა და დიდი ნაწილი მოხვდა 120-დღიან რეჟიმში. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, დანარჩენი აიცრება“, – განაცხადა სამედიცინო ცენტრ „გორმედისკლინიკურმა დირექტორმა, ხათუნა შრუბმა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში „კოვიდ19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გუშინ შეიტანეს. კასპში, ქარელში, გორსა და ხაშურში შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული „ასტრაზენეკას“ 2600 დოზა შეიტანეს. ვაქცინები მხოლოდ სამედიცინო მუშაკებისთვისაა განკუთვნილი. თითოეულ დაწესებულებაში ორ-ორი ბრიგადაა გადამზადებული, მესამე სარეზერვო ბრიგადა დაემატა სამხედრო ჰოსპიტალში.

17 მარტიდან უკვე კასპის „მედალფა“, ქარელის „გორმედისა“ და ხაშურის „ახალი კლინიკის“ მედპერსონალი აიცრება.

დატოვე კომენტარი