კორონავირუსის საფრთხის გამო, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნიგერიელი ფეხბურთელი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი შენაძენი ოდიონ იგალო კლუბისგან განცალკევებით ვარჯიშობს, რისი მიზეზიც ინგლისში მისი ჩინეთიდან ჩასვლაა. კლუბის ხელმძღვანელობა სიფრთხილეს იჩენს, სანამ დანამდვილებით არ დადგინდება, რომ ფეხბურთელი კორონავირუსით ინფიცირებული არ არის.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თუ 30 წლის ნიგერიელ ფეხბურთელს ვირუსი არ დაუდგინდა, ის გუნდთან ერთად ორშაბათს ლონდონში „ჩელსისთან“ თამაშზე გაემგზავრება.
ოდიონ იგალო „მანჩესტერ იუნაიტედს“ იჯარის წესით სეზონის ბოლომდე შეუერთდა. ჩინეთში ის „შანხაი შენჰუაში“ თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში კორონავირუსის ინფექციით, უკანასკნელი მონაცემებით, 1 350 ადამიანი გარდაიცვალა, რის გამოც ქვეყანაში რამდენიმე სპორტული ღონისძიების, მათ შორის ჩინეთის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყება გადაიდო.