კორონავირუსის საფრთხის გამო საქართველოსა და რუსეთს შორის დროებითი შეზღუდვები სატვირთო გადაზიდვებზე არ გავრცელდება
კორონავირუსის საფრთხის გამო საქართველოსა და რუსეთს შორის დროებითი შეზღუდვები სატვირთო გადაზიდვებზე არ გავრცელდება

16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდება, თუმცა შეზღუდვები სატვირთო გადაზიდვებზე არ გავრცელდება. შეზღუდვები კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ზომებს უკავშირდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვების შესახებ საკითხი გიორგი გახარიას დავალებით, პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა ტელეფონით განიხილეს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე დღეს დილით ტელეფონით ესაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე ორმხრივი დიალოგის (ე.წ. პრაღის ფორმატი) ფარგლებში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს.

კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გათვალისწინებით, საუბრის დროს განხილულ იქნა საკითხი მიმდინარე წლის 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ.

აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გავრცელდება შესაბამისად რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს.

შეზღუდვები არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.