კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო დაუდგენელია
კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო დაუდგენელია

კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, სამი არის იმპორტირებული, რომელთაგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ორის წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია, -ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დაუდგენელ შემთხვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.

„ქვეყანაში გუშინ გახლდათ 1010 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა რვა და დღეისთვის გახლავთ 1018 შემთხვევა. გვყავდა 885 გამოჯანმრთლებული და ახლა გვყავს 895. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 87.9%-ია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში 146 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში 19 ინფიცირებული მკურნალობს.

„ჩვენ გვყავდა 19 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა ერთი, დაგვემატა ერთი პაციენტი და ისევ გვყავს 19 დადასტურებული შემთხვევა. ახალი პაციენტი გუშინ გვიან მოთავსდა ჩვენთან. მასთან საშუალო სიმძიმის მდგომარეობა გახლავთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც უცვლელია; არავისთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება ანუ დამძიმება და ყველა პაციენტის მდგომარეობა ფასდება საშუალო და მასზე მსუბუქად.

რაც შეეხება ინფიცირებული ჯარისკაცების მდგომარეობას, როგორც ჩემთვის ცნობილია, მათი მდგომარეობა სტაბილურია, არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.