კორონავირუსის რისკების შემცირების მიზნით, ორსულებისთვის ახალი პროექტი იწყება
კორონავირუსის რისკების შემცირების მიზნით, ორსულებისთვის ახალი პროექტი იწყება

გაერო-ს ბავშვთა ფონდი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოში აღრიცხვაზე მყოფ დაახლოებით 26 000 ორსულ ქალს სთავაზობს გინეკოლოგებთან ვირტუალურ კონსულტაციებს.

როგორც გაერო-ს ბავშვთა ფონდში აცხადებენ, 2020 წლის ივნისიდან დღემდე, წამყვანმა ექიმებმა ონლაინკონსულტაციები ჩაუტარეს 5000-ზე მეტ ორსულს.

გაერო-ს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს ორსულ ქალებს, დარეგისტრირდნენ და სატელეფონო ზარით მოწვევის  შემდეგ გამოიყენონ სეანსებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

„ვირტუალური სეანსების მიზანია კორონავირუსთან დაკავშირებული რისკების შერბილება. დისტანციური ონლაინკონსულტაციების ფარგლებში ექიმი თითოეული ქალის შეკითხვას პირადად უპასუხებს.

ვირტუალური პლატფორმების გამოყენებით სეანსებში 25-მდე ორსული ქალი ჩაერთვება და ისინი შეძლებენ ორსულობასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო ახალი და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღებას ექიმისა და სხვა ორსულებისაგან.

საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის ღასან ხალილის განცხადებით, გაერო-ს ბავშვთა ფონდმა აღნიშნული ონლაინ კონსულტაციები წამოიწყო სანდო ინფორმაციის საჭიროებაზე რეაგირების მიზნით“, – აცხადებენ გაერო-ს ბავშვთა ფონდში.

„მოვუწოდებთ ყველა ორსულ ქალს, ჩაერთონ სეანსებში და მიიღონ კომპეტენტური რჩევები და რეკომენდაციები საკუთარი თავისა და თავიანთი შვილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ხალილმა.

პროექტის საწყის ფაზაში ჩაერთვებიან კორონავირუსის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალები, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები იყო დაწესებული.

ამ სეანსების მეშვეობით ორსული ქალები მიიღებენ ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ, რის შემდეგაც გაიმართება კითხვა-პასუხის სესია. თითოეულ მონაწილეს შეუძლია შეკითხვის ანონიმურად დასმა, ექიმის პასუხებს კი მოისმენს ყველა მონაწილე.