კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებლის გამოვლენის შემდეგ ნიდერლანდებში შეზღუდვები გამკაცრდა
კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებლის გამოვლენის შემდეგ ნიდერლანდებში შეზღუდვები გამკაცრდა

კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებლის გამოვლენის შემდეგ ნიდერლანდების ხელისუფლებამ შეზღუდვები გაამკაცრა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

მთავრობის განკარგულებით, ქვეყანაში 14 ოქტომბრიდან ორი კვირის ვადით ნაწილობრივი კარანტინი წესდება. გამკაცრებული რეგულაციების ფარგლებში იხურება ბარები და რესტორნები. იკრძალება 30 ადამიანზე მეტის შეკრება. 13 წელს გადაცილებული ასაკის ადამიანებისთვის კი, პირბადეების ტარება დახურულ სივრცეში სავალდებულო ხდება. საღამოს საათებში იკრძალება ალკოჰოლის გაყიდვა.

„დღეს ჩვენ ვაცხადებთ ახალ და მკაცრ ზომებს და ფაქტობრივად, ვაწესებთ ნაწილობრივ კარანტინს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ სატელევიზიო მიმართვისას.

მისივე თქმით, აუცილებელია სოციალური კონტაქტებისა და გადაადგილების მკვეთრი შემცირება.

„ეს ერთადერთი გამოსავალია. ჩვენ საკუთარი თავისა და საკუთარი საქციელისადმი მკაცრები უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა რუტემ.

ბოლო რამდენიმე კვირაა, ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელი მზარდია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა – 7 393 შემთხვევა გამოვლინდა.