კორონავირუსის პრევენციის მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ფოლკლორის ცენტრში გაიმართა
კორონავირუსის პრევენციის მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ფოლკლორის ცენტრში გაიმართა

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ფოლკლორის ცენტრში გაიმართა.

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შეფასებით, სხდომა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა.

„საკრებულოს სხდომა ფოლკლორის ცენტრში შედგა, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული დისტანცირება და სხვა უსაფრთხოების ზომები. მნიშვნელოვანია, ამ რთულ პერიოდში არ შეფერხდეს მუნიციპალიტეტის მუშაობა. დღეს საკრებულომ ბიუჯეტის ცვლილება დაამტკიცა, 11 მილიონ ლარამდე ინფრასტრუქტურის მშენებლობას მოხმარდება. პარალელურად, აუცილებელია ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადდა. საკრებულოს წევრებს კი გვმართებს ორმაგი პასუხისმგებლობა მოქალაქეთა წინაშე, ამიტომ მოგიწოდებთ, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ, თავადვე გავხდეთ მაგალითები სოლიდარობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის. ხელისუფლება მაქსიმალურს აკეთებს, რათა წარმატებით დავძლიოთ ეს გამოწვევა. მადლობა ჩვენს მედიკოსებს, ისინი ნამდვილად გმირები არიან“, – განაცხადა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ.