კორონავირუსის შედეგად დაზარალებულებისთვის განკუთვნილი კომპენსაციებით უკანონოდ სარგებლობის მიზნით, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
კორონავირუსის შედეგად დაზარალებულებისთვის განკუთვნილი კომპენსაციებით უკანონოდ სარგებლობის მიზნით, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსაუხურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა, ბოროტად ესარგებლა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის პროგრამით.

„აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მან დაამზადა ყალბი სამსახურებრივი ცნობები 11 პირის სახელზე, რომელთა მიხედვითაც, მოქალაქეები თითქოს და წარმოადგენდნენ ბრალდებულის კომპანიის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს და 2020 წლის 21 მარტიდან „კოვიდ-19“-ის გამო იმყოფებოდნენ უხელფასო შვებულებაში. თითოეული ასეთი ცნობა, ბრალდებულის მიერ დამზადებულ და გასაღებულ იქნა 50 ლარის საფასურად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებული ნასამართლევია ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.