კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყაროს მოძიება გრძელდება
კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყაროს მოძიება გრძელდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი ინფიცირებულის კონტაქტს წარმოადგენს, ერთი შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო კიდევ ორის წყარო ჯერჯერობით უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

„გუშინ ქვეყანაში იყო 1336 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ხუთი ახალი შემთხვევა და ამჟამად არის 1341 დადასტურებული შემთხვევა. ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი არის დასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთი შემოტანილი, ანუ იმპორტირებული და ორ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოძიება წყაროს დადგენის თვალსაზრისით. გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაგვეზარდა მხოლოდ ოთხით და 1092-ს შეადგენს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 232 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია, 22 კი მძიმედ ფასდება.

„ისინი კოვიდ-ცენტრების შესაბამის რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ. მძიმე პაციენტების რაოდენობა გაგვეზარდა და დღევანდელი მონაცემებით 22 მძიმე პაციენტია. დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 81 პროცენტია, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი – 1.27“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

უშუალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით კი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კლინიკაში გუშინ სამი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ხოლო ორი ახალი შემთხვევა დაემატა.

„ორივე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტები არიან. მძიმე პაციენტების რაოდენობა ჯერჯერობით კვლავ ორია. ახალი მძიმე პაციენტები არ შეგვმატებია. არსებული პაციენტების მდგომარეობა უკვე სტაბილურია და ალბათ, მალე განიხილება, როგორც საშუალო სიმძიმის. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ძირითადად საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ პირველი აგვისტოდან დღემდე ჯამში 17-ია იმ პაციენტების რიცხვი, რომელთა ინფიცირების წყაროც უცნობი იყო.

„პირველი აგვისტოდან დღევანდელის ჩათვლით  ჯამურად გახლავთ 17, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ 17-დან უკვე არ არის დადგენილი რომელიმეს წყარო. ალბათ 2/3-ზე მეტის წყარო დადგენილია. მთვარია, კონტაქტების მოძიება, მათი იზოლაცია და ინკუბაციის მთელ პერიოდში მათი ტესტირება. ეს კეთდება. დაავადების გავრცელების პრევენცია ძირითადად მაინც ამ პროცესზეა დაფუძნებული“, – გნაცხადა მარინა ეზუგბაიამ.