კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, კახეთში მოხალისეთა ჯგუფები გამოკითხვებს ხვალიდან დაიწყებენ
კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, კახეთში მოხალისეთა ჯგუფები გამოკითხვებს ხვალიდან დაიწყებენ

ახალი კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, კახეთში მოხალისეთა ჯგუფების დაკომპლექტება დაიწყო.

ადგილობრივებით დაკომპლექტებულ მოხალისეთა ჯგუფს, რომელშიც ეთნიკური აზერბაიჯანელებიც არიან, შესაბამისი ტრენინგი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა ჩაუტარეს.

​მოხალისეები მზად არიან, ჰუმანიტარული ან სხვა საჭიროების დროს არსებული სტანდარტების სრული დაცვით მიიღონ აქტიური მონაწილეობა. მოხალისეთა ჯგუფები პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანულ დასახლებაში, კაბალის ადმინისტრაციულ ერთეულში, ყველა ოჯახს კარდაკარ მოივლიან და დისტანციის დაცვით ადგილობრივებს გამოკითხავენ მათი ბოლოდროინდელი ვიზიტებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მოპოვებულ ინფორმაციას კი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ადგილობრივ წარმომადგენლობას გადასცემენ.

„ლაგოდეხში 20 მობილური ჯგუფი იქნება. ჯგუფში ერთი ქართველი და ერთიც აზერბაიჯანელი ეროვნების ახალგაზრდაა. ისინი კარდაკარ შემოივლიან მუნიციპალიტეტის სოფლებში ყველა ოჯახს და კორონავირუსთან დაკავშირებით მიაწვდიან ინფორმაციას. შეავსებენ ასევე სპეციალურად შედგენილ კითხვარს, იმყოფებოდნენ თუ არა რაიმე მიზეზით მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში, ან ხომ არ ჰყავდათ სტუმარი რისკის შემცველი რეგიონიდან. კარდაკარის პრინციპით შეგროვილი ინფორმაცია გაამარტივებს კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების ოპერატიულ გატარებას“, – განაცხადა ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მოხალისეთა მობილური ჯგუფები სოფლებში გამოკითხვებს ხვალიდან დაიწყებენ.

დატოვე კომენტარი